პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, რითაც ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ რეალურად წერილით გახარიასთვის არ მიუმართავთ. ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს
ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება იმასაც ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ წერილზე, გამოხმაურებაზე აგდებით გასცეს პასუხი და ამით დახუროს თემა, სინამდვილეში, კი პრობლემა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.
„ჩვენ რომ ჩამონათვალი გავაკეთოთ საიდან რა გამოხმაურება იყო, რა პოლემიკა იყო და ა.შ. დავინახავთ, რომ მთლიანად დასავლეთში, სამწუხაროდ, უკვე ყალიბდება (მარტო კონგრესმენებზე არ არის საუბარი) წარმოდგენა, თუ რა ტიპის მმართველობითი სისტემაა საქართველოში და ეს არის მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, თუ ჩვენ ყველაფერს შევაჯამებთ ამ რიტორიკას, ამ წერილებს პოლემიკას და ა.შ. ერთ რამეს დავინახავთ – დასავლეთი უკვე რწმუნდება იმაში, რომ საქართველოში არის გარკვეული ტიპის ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გახარიას წერილით მიმართა, წერილით რეალურად ხომ გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, „მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“. ანუ, ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს. ამიტომ ამ წერილს გახარია, როგორ გამოაქვეყნებდა, სანამ სხვაგან არ მიიღებოდა გადაწყვეტილება”,-აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, მთავრობა ცდილობდა კონგრესმენების წერილი დაემალა, თუმცა ბოლოს მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა და სკანდალი მოხდებოდა.
“არ უნდოდათ, მაგრამ გამოაქვეყნეს. ახლა, გამოვლენ და რაღაც სისულელეებს იტყვიან, რომ უფრო სიღრმისეული საუბრებია საჭირო, ირაკლი ბერაია უნდა ჩავიდეს და.შ.. ადამიანებს, რომელთა კომპეტენცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვთ იმის ილუზია, რომ შესაძლებელია, ამერიკელი კონგრესმენების, ევროპარლამენტარების, ან კიდევ ვიღაცებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. კახა კუჭავას, რომელიც გუშინ სიტყვას გმირულად ითხოვდა და არ ალაპარაკეს, როგორ უნდა აეხსნა ის, რომ საქართველოში პროპორციული არჩევნები არ ტარდება იმიტომ, რომ ამბოხდა დიმიტრი ხუნდაძე. ყველამ ხომ იცის, რომ ეს ტყუილია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, კონგრესიდან საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ წერილი მიიღო, რომელშიც “ოცნების” ბოლოდროინდელი საქმიანობა არის გაკრიტიკებული.