ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულ მხარეს უნდა კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს რუსეთი, რომელშიც საოკუპაციო ძალას გულისხმობს” – მურატ ჯიოევი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, პროვოკაციულ მოქმედებებს განაგრძობენ, ოკუპირებული ცხინვალი ეხმაურება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელის, მურატ ჯიოევის განცხადებით, აღნიშნული განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.

„სინამდვილეში, სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაგრძეს საზღვრის გავლების სამუშაოები გუგუთიანთკარში, რომელიც 2019 წლის აგვისტოდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მესაზღვრეები არც ერთი მეტრით არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას, ქართული მხარე, როგორც გასულ წელს, კვლავაც ცდილობს წარმოაჩინოს მსოფლიო სკანდალად. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას შეცდომაში შეყავს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები“ – განაცხადა ჯიოევმა.

როგორც ჯოიევი აცხადებს, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის არსებობა, თავად ქართულ მხარეს არ აწყობს, მაგრამ მისი თქმით, ეს უკვე დიდი ხნის წინ მომხდარი რეალობაა.

„საქართველოს ამ ისტერიკას კიდევ ერთი მიზანი გააჩნია, რომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს რუსეთი, რომელშიც საოკუპაციო ძალას გულისხმობს” – ნათქვამია ჯოიევის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობდა მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.

იტვირთბა....