ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატი პროკურატიურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს.
მსჯავრდებულის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება კანოის მიხედვით გაფორმდება და ბრალდების მხარეც კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
“გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში გამართლებულია ორგზის. ამ კუთხით, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია. რაც შეეხება, მეორე ეპიზოდს, ლევან დადუნაშვილის ეპიზოდს, თუ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, აქ კანონითაა განსაზღვრული, რა შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი და ჩვენც, რა თქმა უნდა, თუ ეს მოხდება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,” – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, 24 იანვარს გახდება ცნობილი, რამდენადაა შესაძლებელი, რომ გიორგი ბარბაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
რაც შეეხება საქმეში მეორე მსჯავრდებულს, გიორგი ჯანაშიას, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.