საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, 18 იანვარს, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული – ს.რ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.