9 დეკემბერს წალკის რაიონში, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის 10 წლის შვილი, სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე საუბრობს.
მისი თქმით, პოლიციელებმა მას სახლის ჩხრეკის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც მათ მთავარ კითხვაზე – თუ სად იყო მკვლელობის დღეს სავარაუდო დამნაშავე, სასურველი პასუხი ვერ მიიღეს. აღნიშნულ განცხადებას 10 წლის ბიჭი “კურიერთან” აცხადებს.
მსგავსი განცხადებით, “კურიერთან” ბიჭის დედაც საუბრობს. როგორც მშობელი ამბობს, სახლში დაბრუნებულს, შვილი ატირებული დახვდა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები დაუდგინდა. დედამ და მისმა უფლებადამცველმა, სამედიცინო ცნობა საჩივართან ერთად, თუ რატომ გამოკითხეს ბავშვი წარმომადგენლის გარეშე, დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ წალკაში 85 წლის მამაკაცს, ღამით, ფულის გამოძალვის მიზნით თავს ყაჩაღურად დაესხნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე, შსს-მ ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი 10 წლის ბიჭის მამაა, მამაკაცი წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი.