“ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება ევროკავშირისა და მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების ჩატარება აღიარებული არ იქნება.
„დღევანდელი განხილვა ევროპარლამენტში შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად- სამარცხვინო წარმომადგენლობა და განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, აფერისტობა, რომელიც მათი მხრიდან იყო და სრულიად არაადეკვატური შეფასება ქვეყანაში არსებული რეალობის. სიცრუის ტალღით შეეცადნენ, ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, თუმცა საპასუხოდ კრიტიკის ქარცეცხლი და კონკრეტული გზავნილები მიიღეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ ისინი ამავე გზით გააგრძელებენ სვლას, საქართველოში არჩევნების ჩატარება და მისი შედეგების აღიარება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება. გამომდინარე აქედან „ქართულმა ოცნებამ“ გაკვეთილად უნდა მიიღოს, რომ საქართველო იზოლაციაში ვერ მოექცევა, იზოლაციაში მოექცევა „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზას არც ერთ შემთხვევაში არ შეაჩერებს, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ მოქცევას „ქართული ოცნება“ ნამდვილად დაასრულებს არსებობას საქართველოში ძალინ დიდი კრახით. ის სისულელეები, რასაც როშავდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაადეკვატური იყო, რადგან ევროპარლამენტარებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საქართველოს მდგომარეობა.
მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს – გონს მოეგეთ და დროულად დაფიქრდით, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ და საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილოთ, იმიტომ, რომ დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ!“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ციხელაშვილი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას.
„რა თემით ჩავიდა ციხელაშვილი დღევანდელ შეხვედრაზე, რომელი სამინისტროს წარმომადგენელი იყო? გუშინდელი ფაქტი გვაქვს მაგალითად, რომ ხეებია მონიშნული და შეიძლება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება მოხდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა არ იმსჯელებს და არ დააყენებს ადამიანი ამ საკითხს არა მარტო ოთხოზორიას, არამედ არც ერთი გატაცების ფაქტზე რეაგირების საკითხს, რომელიც მთავარი თემა იყო საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ვაჟა გაფრინდაშვილიდან დაწყებული, რაღა თქმა უნდა შენ ხარ არაადეკვატური და მხოლოდ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი. აქედან გამომდინარე ვფიქრობს, რომ ეს ქალბატონი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.
ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.
კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.