ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარი სანდრა კალიენტე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფაქტი, ხელისუფლებამ რომ, ვერ შეძლო დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს.
„მე ვისაუბრებ საქართველოს შიდა სიტუაციაზე, ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე. თქვენ ახლახანს ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციის მიერ იყო გამოწვეული. მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს სახალხო მოძრაობისა და ვიცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს, არსებობს ამის უფრო ღრმა მიზეზი. თქვენ ახლახანს მოახდინეთ იმ ფაქტის ციტირება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იმავე საზოგადოებრივი აზრის კვლევებში შეგიძლიათ ასევე ნახოთ, რომ როგორც ქართველი ხალხი თვლის, ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს და ეს ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ევროკომისია და ევროპარლამენტი ყოველთვის დიდი მხარდაჭერით უყურებს საქართველოს, ცდილობს, დაეხმაროს და წინ წაწიოს იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ, თუ შევადარებთ უკრაინასთან, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ომი აქვს და რომელიც მაინც შეუპოვრად ცდილობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია. ის ფაქტი კი, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება 5-წლიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო, ძალიან სიმბოლურია“, – აღნიშნა კალიენტემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.
ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.
კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.