ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარმა მარკ გალერიმ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას მიმართა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ, ეს მხარდაჭერა ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს.
„საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია რამდენიმე წევრმა „ქართლი ოცნება“ დატოვა. გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს“,-განაცხადა გალერიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.
ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.
კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.