საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება. მინისტრის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოს დღეს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგანი გახდა.
ხიდაშელი იმ პათოსს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი არ იცავს ივანიშვილის უფლებებს.
“ვუყურებ ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომას და ვუსმენ იუსტიციის მინისტრს, რომელიც 10 წელი ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და ვერც კი ვიჯერებ რომ მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის პირველი უფლებადამცველის უმძიმესი გამოსვლის მიმართ აქვს თურმე, ის არის, რომ ის არასოდეს გამოეხმაურა ივანიშვილის ამ მინისტრების შეურაცხყოფის კამპანიებს.
ეს დაახლოებით იგივეა ჟურნალისტებს რომ ვედავებით ყველა ადვოკატს უფლებადამცველს ნუ ეძახითო, ოღონდ ამჯერად, ამას იუსტიციის მინისტრი ამბობს.
შესაძლოა, ადამიანურად ძალიან არ მოგვწონდეს და ვგმობდეთ კიდეც ივანიშვილის, ან რომელიმე მინისტრის შეურაცხმყოფელ კამპანიას, მაგრამ უფლებების დაცვა/დარღვევა რა შუაშია? სად ირღვევა უფლებები, რომელი უფლებები, ვის მიერ, ვის უნდა შეეხმიანოს სახალხო დამცველი?
ანუ, პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე უნდა გახდეს?
დიახ, ოხანაშვილის შემთხვევაში მისი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ ჩათრეული ამ კამპანიაში და სწორი იყო ომბუსმენი რომ შეეხმიანა არასრულწლოვანების დასაცავად, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირად ყოფნას თავისი შემადგენელი მოყვება ყველა საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოშიც და არაფერი აქვს ამას საერთო ქვეყნის ნომერ პირველ ადამიანის უფლებების დამცველთან.
ივანიშვილის, ან მისი რომელიმე მინისტრის, ან დეპუტატის უფლებებს თუ შელახავს სახელმწიფო დარწმუნებული ვარ, ნინო ლონჯარიას არ ექნება დაყოვნება დაიცვას და დაეხმაროს”. – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი გააკრიტიკა და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმართან ყავას სვამს, შოკოლადს მიირთმევს და დახეული ჯინსები აცვია. ეს უკანასკნელიც (საუბარია ჩაცმულობაზე) გახდა წულუკიანის კრიტიკის ობიექტიც.