ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წულუკიანი მზად არის, ხელი მოაწეროს აბსოლუტურად ყველა სიბინძურეზე” – ბოკუჩავა

“თეა წულუკიანი პერსონალურად თავს დაესხა სახალხო დამცველს იმიტომ, რომ მას ისევე, როგორც მის ბატონ ივანიშვილს პრინციპული აუტანლობა აქვთ განსხვავებული აზრის, რაოდენ ობიექტური არ უნდა იყოს ის”, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ბოკუჩავას თქმით, იუსტიციის მინისტრი მზად არის “ყველა სიბინძურეზე ხელი მოაწეროს”.

“მას შემდეგ, რაც განსხვავებულ აზრს დევნიან ოპოზიციაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში, გადაწყვიტეს, რომ განსხვავებული და კრიტიკული აზრი, მათ შორის, პირადი თავდასხმითა და შეურაცხყოფით უნდა დევნონ ახლა უკვე სახალხო დამცველის ინსტიტუტში და კერძოდ, სახალხო დამცველში. სამარცხვინოა ეს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი მართლაც აგონიურ მდგომარეობაშია, ითვლის ბოლოს დღეებს და ამ აგონიაში ყოველგვარი ზღვარი მოშლილია ცილისწამების და იმ ბინძური კამპანიისა და შეფასებების, რასაც მისი რეჟიმის მონები და მათ შორის, წულუკიანი, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია და რომელიც აბსოლუტურად ყველა სიბინძურეზე მზად არის, რომ ხელი მოაწეროს და ეს დაამტკიცა მისი მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისიც არ ერიდება ამას.

რაც შეეხება თავად ანგარიშს, იქ საუბარია მათ შორის იმაზე, რომ ქურდული სამყაროს მიერ ხდება პენიტენციური დაწესებულებების კონტროლი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ამაზე საუბრობს სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, ბნელი შევარდნაძისეული წარსულის რეალობა ბრუნდება და დაბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. პრინციპში, ეს არ არის ერთადერთი შევარდნაძისეული ბნელი პრაქტიკა, რომელიც ივანიშვილმა დააბრუნა თავისი რეჟიმის დროს”, – უთხრა “მეტრონომს” თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.

მოხსენების წარდგენისას, იუსტიციის მინისტრმა და ომბუდსმენმა არაერთხელ იკამათეს.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....