სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როდესაც პატიმარი დეესკალაციის ოთახში, იქ სადაც მაქსიმალური მოთავსების ვადაა 72 საათი, მოთავსებული იყო 22, 26, 36 და 48 დღე
მისი თქმით, დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა შეიძლება სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად ჩაითვალოს.
„მინდა, ხაზი გავუსვა დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკას, რაც წლებია სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ვიზიტის შედეგად გაირკვა, დეესკალაციის ოთახში პატიმრები, უმეტეს შემთხვევებში, მაქსიმალური ვადით ანუ 72 საათით გადაჰყავთ და შესაძლოა, ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში, ფაქტობრივად, უწყვეტად იყოს მოთავსებული 72-საათიანი ინტერვალით. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში არის მოთავსებული 5 დღე-ღამეზე მეტი ვადით, ასეთი 34 შემთხვევა არის დაფიქსირებული, 10 დღე-ღამეზე მეტი ვადით 14 შემთხვევაში იყო მოთავსებული პირი, 15 დღე-ღამეზე მეტი ვადით – 6 შემთხვევაში, 20 დღე-ღამეზე მეტი ვადით – 4 შემთხვევაში, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პირი დეესკალაციის ოთახში, იქ სადაც მაქსიმალური მოთავსების ვადაა 72 საათი, მოთავსებული იყო 22, 26, 36 და 48 დღე ღამის განმავლობაშიც კი“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.