ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღევანდელი სისხლი არის მერის კისერზე” – “ანას ბაღთან” მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირი

ვარკეთილში ე.წ. “ანას ბაღთან” მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება უფლებადამცველმა გაავრცელა. მისი თქმით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

დაშავებულის განცხადებით, დაზიანებები მას დაცვის კომპანია”გისსონის” თანამშრომლებმა მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს ადვოკატი.

“დაახლოებით სამი, შეიძლება მეტი ადამიანიც მიზანმიმართულად მომდევდნენ. “გისსონის” წევრებმა დამიჭირეს, ერთმა ხელი გადამიგრიხა, მეორემ კისერში წამიჭირა. მოვიხარე და ამ დროს ვიღაცის მუხლი თუ ხელი მომხვდა ცხვირში. დავვარდი დაბლა და კურტკაც შემომახიეს და არაფერი არ დამაკლეს. დღევანდელი სისხლი არის მერის კისერზე, იმიტომ, რომ მერის ასეთმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ხალხი და მშენებლები ასეთ დაპირისპირებამდე,” – ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის აშენებას აპროტესტებს.

იტვირთბა....