პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი NDI-სა და IRI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ტყუილზე დაყრდნობილ შედეგებს ავრცელებენ.
ინაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობის“ სასარგებლოდ.
„პირდაპირ და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. კვლევები და გამოკითხვები, რასაც ამ ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ბოლო წლების მანძილზე ავრცელებენ, მხოლოდ ტყუილი, გაყალბება, რეალობის დამახინჯებაა, ეს სხვა სურათის წარმოჩენა და პირდაპირ პოლიტიკური მიკერძოებაა, რაც ძალიან დამაფიქრებელია, მიკერძოება „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და მათი ლიდერებისადმი. მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედვათ, როგორ ცინიკურად ყალიბდება მონაცემები რეალობის საწინააღმდეგოდ“,- აცხადებს ინაშვილი.
პარტიის ლიდერი კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„პირდაპირ ვამბობ, რომ „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან ფინანსურადაა დაინტერესებული, ადგილი აქვს კორუფციას და ის ფულს იღებს ამ კვლევებში. ვინაიდან, მე მაქვს ეჭვი, მოვითხოვ, საგამოძიებო სტრუქტურებმა დაიწყოს გამოძიება, მითუმეტეს, როცა „ენდიაი“ და „აირაი“ თანამშრომლობენ ქართულ კომპანიებთან, ეს დანაშაული ხდება საქართველოს ტერიტორიაზე“ ,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ NDI-იმ და IRI-იმ კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს.