დედაქალაქის მერი კახა კალაძე რესპუბლიკელი სენატორის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარკუეინ მალინის სუბიექტური მოსაზრება მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, მნიშვნელოვანი ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითადაა შეფასებული.
„ვერ მივიღებ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და შედარებებიც საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის თავისუფლების კუთხით,
ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ამაზე ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები მეტყველებს. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, მისი განცხადება ჩემთვის საინტერესო არაა, ოფიციალური ამერიკის განცხადება კი ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.