ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილი, რომლის ადრესატიც პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია იყო, საქართველოს ხელისუფლებისთვის თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
როგორც “მეტრონომს” ლაგაზიძემ უთხრა, იქიდან გამომდინარე, რომ კონგრესმენის წერილს არაერთი ასევე კრიტიკული განცხადება უძღოდა წინ, მალინის წერილი აჩვენებს ტენდენციას და არა გამონაკლისს.
“ნებისმიერი ასეთი გზავნილი სტრატეგიული პარტნიორისგან უნდა იყოს ხელისუფლებისგან, სულ მცირე განხილვის, შეფასებისა და სათანადო რეაგირების საგანი. ხელისუფლება თავს იმით იმშვიდებს, რომ კონგრესმენი მალინი “ფრონტერას” ოფიციალური ლობისტია და არ ჩაითვლება კონგრესის ოფიციალურ პოზიციადო. ეს არ არის კონგრესის ერთიანი პოზიცია, მაგრამ თვითდამშვიდების საფუძველს რომ არ იძლევა, ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ, იმიტომ, რომ ეს რომ იყოს ერთი გამონაკლისი, მაშინ ჩავთვლიდით, რომ ლობისტობის გამოძახილია მხოლოდ, მაგრამ როდესაც ამას წინ უძღოდა დეკემბერში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების პოზიციები არანაკლებ მწვავე, ასევე კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, ეს უკვე ტენდენციას აჩვენებს და არა გამონაკლისს. გასაგებია, ხელისუფლებას უნდა, რომ საზოგადოებისა და საკუთარი ამომრჩევლის თვალში წელგამართული გამოიყურებოდეს ანუ შიშის ყინული არ ჩავარდეს ამომრჩეველში, რომ აი, აშშ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე გადადის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მეორეა – რამდენად რეალურად აღიქვამენ ამ საფრთხეებს და ამ საფრთხეების საპასუხოდ, რამე ცვლილებების გატარებას გეგმავენ თუ არა. მე ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ექსპერტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნა საქართველოს, ფიცის დადების სიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულმა ელჩმა.
ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ აშშ საქართველოსგან დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიტიკული განცხადებების ავტორები სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის უფრო მაღალი თანამდებობის პირები გახდებიან.
“მე ამას დავამატებდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, ეს არის აშშ-ის ახალი ელჩის ფიცის დადების სიტყვა, რომელიც ნოყიერ ნიადაგს იძლევა ასევე ანალიზისთვის. ხაზს გავუსვამდი ელჩის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოში ჩამოსვლას, რათა დაიწყოს ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან 2020 წლის საპალამენტო არჩევნების სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. ელჩიც ხომ ვინმეს ლობისტი არ არის. ფიცის დადების სიტყვაში ამაზე ხაზგასმა ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი დავალება, რითაც ელჩი მოდის საქართველოში, იქნება ძალიან აქტიური მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ სპექტრთან მათ შორის, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ის, რასაც დღეს ხელისუფლება ცალკეული კონგრესმენების ინიციატივას უწოდებს, უკვე მიიღებს გაცილებით უფრო ორგანიზებულ სახეს და გაცილებით უფრო მაღალი თანამდებობის პირებისგან წამოვა იგივე შინაარსის გზავნილები და არამარტო გზავნილები – სიტყვას საქმით ჩაანაცვლებენ.
მალინის წერილში მხოლოდ ის არ არის აღსანიშნავი, რომ ის “ფრონტერაზე” საუბრობს, ის საუბრობს ასევე “ფეისბუქის” სანქციებზეც. აქედან გამომდინარე, ესეც არის მისი შეშფოთების მიზეზი. კონგრესმენი ასევე ამბობს თავის წერილში, რომ სანქციებზე საუბარი საქართველოსთან მიმართებაში უკვე არცთუ იშვიათია აშშ-ში. და ეს ყველაფერი კომპლექსურად, განსაკუთრებით ელჩის გამოსვლის ტექსტთან და სხვა კონგრესმენების არანაკლებ კრიტიკულ ტექსტთან კომბინაციაში თუ განვიხილავთ, წესით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა აგრძნობინებდეს, რომ მისგან დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედებას მოითხოვენ. აშშ ფიქრობს, რომ საქართველო თვალსა და ხელს არ გამოეცალოს ხელიდან, როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და საყრდენი რეგიონში. როდესაც ასეთი იმპულსები ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში არის, ეს სათანადო რეაგირებას გამოიწვევს ამერიკელების მხრიდან. მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლებას – კაი ბატონო, ავიტანთ მის რიტორიკას, რომ ეს ცალკეული კონგრესმენის პოზიციაა – კადრს მიღმა, რეალურად გაეცნობიერებინა გამოწვევები, რომლის წინაშეც ის დადგება”, – უთხრა “მეტრონომს” ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.
მარიამ იმერლიშვილი