ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროები გაიყოფა.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ, “ინეტრპრესნიუსთან” განაცხადა უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.

„განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოწინააღმდეგე არ შემხვედრია, ასეთი საერთოდ არ მეგულება. შეთანხმება არის, რომ ეს იყო შეცდომა და უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის ადგილს კულტურის სამინისტრო. თებერვალში უნდა დაიწყოს ეს პროცესი და მერე გადმოვა პარლამენტში, რომ სრულყოფილებაში მოვიდეს, რადგან ბევრი კანონის სათაური იქნება შესაცვლელი.

აქ იყო „მცირე მთავრობის“ იდეა, მაგრამ ის, რომ შეუერთებელი რაღაცები ერთად შევაერთეთ, ეს შეცდომა იყო, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მაშინ მარტო აღმოვჩნდი. ვიცოდი, როგორც კულტურის მუშაკმა და ამ საქმეში დიდი ხნით მყოფმა ადამიანმა, რომ ეს არ გაამართლებდა. მთელი ოკეანეა განათლება და ამისთვის კიდევ კულტურის მიწებება აბსოლუტურად ხელოვნური გამოდიოდა. კულტურის სამინისტრო არა მხოლოდ კოორდინაციას უნდა უკეთებდეს, იდეა უნდა არსებობდეს და ცდილობდეს ეს ეროვნული იდეა იყოს გატარებული. დოკუმენტი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ პრაქტიკულად უნდა დაიწყოს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს თებერვალში განხორციელდება და დადგენილებას მთავრობა მიიღებს“, – განაცხადა ქანთარიამ და დასძინა, რომ განათლების მინისტრის იდეაა, სპორტი განათლების სამინისტროში დარჩეს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც ქანთარია აღნიშნავს, სამინისტროების გაყოფა პრობლემას არ შექმნის, რადგან კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ცალკე მუხლად არის გამოყოფილი.

„კულტურის ბიუჯეტი ცალკეა და 5 მილიონის დამატება მოვახერხეთ წელს. თეატრების, მუზეუმების წარმომადგენლებს ხელფასები, პენსიები მოემატათ. ამიტომ გაყოფა არ შექმნის პრობლემას, უმტკივნეულო პროცესი იქნება. ამასთან არ შეიქმნება შენობის პრობლემას, რადგან კულტურის სამინისტროს შენობაც არსებობს. რაც შეეხება მინისტრს, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ბადრი მაისურაძე არის ძალიან კარგი კანდიდატურა, თუმცა, არ ვიცი მისი განწყობა როგორია. ჯერ გავყოთ სამინისტროები და შემდეგ ვისაუბროთ მინისტრზე“, – განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

იტვირთბა....