საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში კონგრესმენ მარკუეინ მალინის ღია წერილს ეხმაურება.
“ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პიზიტიურია და. ა. შ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონგრესმენ მალენის განცხადებას, მის მიერ იმავე წერილში მაგალითის სახით მითითებული, კონკრეტული მიზეზიც აქვს.
რაც შეეხება კომპანია “ფრონტერას” – მისი დავა საერთაშორისმა არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მიუკერძოებლად, რეალისტურად შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ზოგადად, ქართული სახელმწიფო დღეს, ისე როგორც არასდროს, მოწოდებულია, რომ მაქსიმალური, შეიძლება ითქვას პრიორიტეტული ხელშეწყობა ჰქონდეთ დასავლურ კომპანიებს და ერთ-ერთ მაგალითად თავად “ფრონტერაც” კი შეიძლება გამოდგეს, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს, საქართველოში დღეის მდგომარეობით, ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო პირობები აქვს”, – წერს მდინარაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.