ბრიტანელი მეცნიერები საგანგაშო განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ მსოფლიოს ახალი ვირუსი ემუქრება, რომლითაც ასობით ადამიანი დაავადდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მიკროორგანიზმია, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა.
“არის საშიშროება ვირუსი ძალიან სწრაფად და მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს. აუცილებელია იმის დადგენა, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, როგორ ვუმკურნალოთ ამ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს. მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, ცხოველებისგან მომდინარეობს ის თუ არა. ბევრი შეკითხვაა. პასუხები კი არ გვაქვს,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკოვი.
უცნობი ვირუსი პირველად ჩინეთში 2019 წლის ბოლოს, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემდეგ კი, ტაილანდსა და იაპონიაშიც გავრცელდა.
“ახალი, უცნობი ვირუსის შემთხვევა იაპონიაშიც დადასტურდა. მომხდარის გამო კარანტინი გამოცხადდება ჯანდაცვის ყველა ობიექტში, რათა გავრცელების პრევენცია მოხდეს. ახალგაზრდა კაცს, რომელიც დაავადებულია, პნევმონია აქვს, რომელიც ახალმა ვირუსმა გამოიწვია. ტარდება დამატებითი კვლევები,” – აღნიშნავს იაპონიის მთავრობის სპიკერი იოშიჰიდე სუგა.
ტაილანდში, სამედიცინო წრეებში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მუდმივ კონტაქტზე ვართ და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვმოქმედებთ. საინფორმაციო კამპანიას ვეწევით, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და ვაწვდით საჭირო ინფორმაციას. ხალხს მოგზაურობას ვერ ავუკრძალავთ. ამ ეტაპზე სიტუაციას ვაკონტროლებთ. სამედიცინო წრეებში განგაშის უმაღლესი დონე გვაქვს გამოცხადებული,” – განაცხადა ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულიმ.
აშშ-ს აავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს სინგაპურსა და ჰონგ-კონგშიც.
“ჩინელ მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გაიყვანენ, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი გამოსაკვლევად მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ,” – აცხადებს სან-ფრანცისკოს აეროპორტის წარმომადგენელი.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული ზრდა იანვარშია მოსალოდნელი.