ვარკეთილში, “ანას ბაღთან” ისევ ხმაურია. კომპანიის წარმომადგენლებმა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვისა და ძალის გამოყენებით ტექნიკის ტერიტორიაზე შეყვანა, მაინც მოახერხეს. მოსახლეობა ამ ფაქტს ტაშით და შეძახილებით: “მონებო” შეხვდა.
“კომპანიის წარმომადგენლებს ტექნიკის შეყვანა-გაყვანაზე პრობლემა ყოველდღიურად შეექმნებათ” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი ფხალაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.
,,შეიყვანეს ტექნიკა ჭიდაობით, ხალხზე და ქალებზე ძალადობით და ახლა შევუქმნით პრობლემას ამ ტექნიკის გაყვანაში. დღესვე დაიცლება ეს მანქანა და ყოველდღე, ყოველი მანქანის შეყვანა-გაყვანაზე შეექმნებათ იგივე პრობლემა. როდემდე უნდა გვეჭიდაონ? ჩვენ არ დავიღლებით, აქ ვცხოვრობთ და ესენი დაიღლებიან. ჩვენ დაგვიჭირეს, დაგვსაჯეს, დაგვაჯარიმეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გვეშინია და ბრძოლას განვაგრძობთ ბოლომდე”, – განაცხადა გიორგი ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.