ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა უთხრეს რუსეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა რაულ ხაჯიმბას – ახრა ავიძბას განცხადება

“აფხაზეთში სიტუაციის ნორმალიზებაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს”, – აღნიშნული განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახრა ავიძბამ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

ავიძბას თქმით, სწორედ რუსეთმა “აუხილა თვალი” რაულ ხაჯიმბას, რის შემდეგაც მან დე ფაქტო პრეზიდენის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენ გავათავისუფლეთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს ჩავაბარეთ. ხალხი გავუშვით სახლში. ჩემი შემდგომი გეგმა ის არის, რომ რამე პოლიტიკური სარგებლის მიღებას ამ პროცესით არ ვაპირებ. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სიტუაციის ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ისინი ჩამოვიდნენ. ნახეს, რომ ხალხი, ოპოზიცია ერთად იდგა. მოსკოვში კი, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აფხაზი და რუსი ხალხი ერთად დგას. ისინი ჩამოვიდნენ და აუხსნეს ხაჯიმბას – რაულ ჯიმბოვიჩ, ჩვენ გაფასებთ და პატივს გცემთ, მაგრამ თქვენ ხალხს მოუსმინეთო. მგონია, სწორედ იმან, რომ მათ თვალები აუხილეს, იმოქმედა იმაზე, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი”, – განაცხადა ახრა ავიძბამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო.

“ვითარების დასტაბილურების მიზნით”, დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.

პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა.

 

 

იტვირთბა....