ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბასიანთან” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს

გენერალური პროკურატურა  „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ჩასატარებელია საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საჭიროა დაზარალებულთა გამოკითხვა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაზარალებულები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან.

„ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2020 წლის 12 იანვარს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეოთხე განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საქმეზე ამ ეტაპისათვის შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ბიძინა ჩაჩხიანი იმყოფებოდა ღამის კლუბ ,,ბასიანში“, რა დროსაც ის არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და გააძევეს კლუბიდან. აღნიშნულის გამო განაწყენებული დაბრუნდა ,,ბასიანის’’ ტერიტორიაზე, ხმამაღლა გინებით ითხოვდა კარის გახნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა „ბასიანის“ შესასვლელი კარის მიმართულებით გასროლა. შედეგად, სამმა პირმა მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ბიძინა ჩაჩხიანმა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბიძინა ჩაჩხიანი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – მასზე შეძენა-შენახვა-ტარების უფლებით რეგისტრირებული 12 კალიბრის, გლუვლულიანი სანადირო თოფი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები.

ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს, შემთხვევიდან მეორე დღეს – 2020 წლის 13 იანვარს, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეხუთე ნაწილის ,,გ“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

ბრალდების წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებულ, დაკავების 48 საათიან ვადაში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება ყოველმხრივ, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხია დაზარალებულები. ისინი უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

პროკურატურის ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდეგ შესაძლებელია, ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს.

იტვირთბა....