ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე, იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი” – კლუბში 3 პირის დაჭრაში ბრალდებული

არსად მიმალვას არ ვაპირებდი – ამის შესახებ განცხადება სასამართლო სხდომაზე, კლუბ “ბასიანთან” 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულმა ბიძინა ჩაჩხიანმა გააკეთა.

ამასთან, ჩაჩხიანმა აღნიშნა, რომ ის სანადიროდ წასვლას აპირებდა.

„არსად მიმალვას არ ვაპირებ. სახლში 80 წლის მამა მყავს. არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე. იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი, რაც მიპოვეს, ჩემი კუთვნილი სანადირო ინვეტარია, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს.

ყველაფრის რისკი არსებობს, რომ ადამიანმა რამე გააკეთოს. არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს სახლშიც, რომ არსად მიმალვას არ ვაპირებ. ბავშვებს რომ ვნახავ, ბოდიშს მოვუხდი, იმათ საერთოდ არაფერს ვერჩოდი, საერთოდ არ დამინახავს”, – განაცხადა ჩაჩხიანმა.

ჩაჩხიანის ამ განცხადებას საქმის პროკურორმაც უპასუხა: „ღამის 3 საათზე აბაშიძის ქუჩაზე არ ნადირობენ”.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, კლუბ “ბასიანთან” გვიან ღამით სროლა იყო, რა დროსაც პირმა, რომელსაც, გავრცელებული ვერსიით, კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს, სამი ადამიანი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

იტვირთბა....