დღეს, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღეა. ეს დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.
საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.
პატივის მიგების ნიშნად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.
„ძალიან ღირებული დროშაა თავისთავად. გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მას აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია. მისი მთავარი სიმბოლო არის ხუთი ჯვარი. მთავარი ჯვარი არის მაცხოვრის გამოსახულება და ოთხი ჯვარი არის ოთხი მახარობლის გამოსახულება, რომლებმაც სამყაროს ოთხივე მხარეს აცნეს მაცხოვრის მოვლინება. დღეს ეს დროშა არის სეკულარული სიმბოლო, მაგრამ ატარებს იმავე დატვირთვას, რომ საკუთარი ღირებულებები გამოფინოს გარემოს. თვითონ ჰერალდიკური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო სიმბოლოა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი აღნიშვნა ხდება 14 იანვარს, რადგანაც 2004 წლის 14 იანვარს მოხდა მისი აღდგენა. ამას ხანგრძლივი კვლევა უძღოდა. დროშის ეს ნიმუშები დაცული იყო ევროპულ წიგნსაცავებში, სხვადასხვა პორტოგანებზე გახლდათ გამოსახული და საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ დროშით ევროპულ რუკებზე იყო მონიშნული საქართველო. ეს გახლდათ უკიდურესი აღმოსავლეთი ქვეყანა, რომელიც აღმართავდა ჯვარს, ამის იქით უკვე ჯვარი აღარ აღიმართებოდა და პორტოგანი ამით სრულდებოდა აღმოსავლეთის მხარეს. ჩვენ დღესაც ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთში ვართ და ერთ-ერთი ძლიერი პოზიცია გვაქვს, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, როდესაც მოქალაქე ამ დროშას აღმართავს, ეს არის მისი სიამაყის სიმბოლო. სიამაყის სიმბოლო არა მარტო სახელმწიფოებრივად, ეროვნულად, არამედ ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქის ადგილი თანამედროვე ცივილიზაციაში, ამიტომ მას სჭირდება ძალიან დიდი პატივის მიგება“, – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა, დავით ჩხეიძემ.
ტრადიციას არ დაარღვევენ თბილისის საკრებულოს წევრები და წელსაც, 12:00 საათზე შენობის აივნებიდან საქართველოს დროშებს გადმოფენენ.