ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დეკანოზ მამალაძეს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებით პრობლემებს ვერ შეუქმნიან” – ადვოკატი

მსჯავრდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას გამოეხმაურა “მთავარი არხის” მიერ გასაჯაროებულ წერილს, რომელიც საპატრიარქოს სამდივნომ უზენაესი სასამართლოდან გასულ წელს მიიღო და საიდანაც ირკვევა, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაცია სასამართლოში ადგენს, ადევს თუ არა “გრიფით საიდუმლო” ე.წ. ციანიდის საქმეს და ვის შეუძლია აღნიშნული საქმის მასალების გასაჯაროება.

რამიშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქომ ე.წ. ციანიდის საქმის დეტალების გასაჯაროება რომც დაიწყოს, გიორგი მამალაძეს “ვერნაირ პრობლემას ვერ შეუქმნის”, რადგან დაცვის მხარე თავიდანვე სასამართლო პროცესების საჯაროობას ითხოვდა და თავად სასულიერო პირს “არაფრის დამალვა უნდოდა”.

მისი თქმით, “საჯაროობა თავად არ უნდოდათ”.

“მე როგორც ვიცი, ეს წერილი არის შარშანდელი, როდესაც უკვე უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მე შინაარსი არ ვიცი წერილის, უბრალოდ ვიცი, რომ წერილი გაიგზავნა.

თავიდანვე იყო მოტყუებითი პოზიციების დაფიქსირების მცდელობა, ვითომ აინტერესებს საპატრიარქოს ყველაფერი. ინტერესს რომ თავი დავანებოთ, თავიდანვე მთელი პროკურატურა საპატრიარქოში იჯდა და გარკვეული როგორც სასულიერო, ისე საერო პირები, რომლებსაც შემხებლობა აქვთ იურისპრუდენციასთან, ისხდნენ და იხილავდნენ ამ საქმეს ისე, რომ ჩვენ, დაცვის მხარეს არ შეგვეკითხნენ არაფერს.

გასაჯაროვებასთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე პროცესი და დეკანოზის პოზიცია იყო, რომ კატეგორიულად ვითხოვდით, მთელი ეს სასამართლო პროცესები ყოფილიყო საჯარო. არაფრის დამალვა არ უნდოდა დეკანოზს. იქ იყო საუბარი, რომ მესამე პირებზე საუბარი, იქ ვიღაცას სურათი აქვს გადაღებული და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტიც იყო, რომ ერთ-ერთ სურათზე დეკანოზი გოგონას კოცნის ლოყაზე. ეს გოგონა არის მისი ალალი დისშვილი – მამით ერთნი არიან, დედით სხვადასხვა, მაგრამ დისშვილის ლოყაზე კოცნა აკრძალულია? რომ გაიგეს ვინც იყო, მერე დაიწყეს ირაკლი მამალაძეზე საუბარი. თავად არ უნდოდათ საჯაროობა. გაასაჯაროონ – მათ აქვთ ყველანაირი შემხებლობა საქმესთან.

დეკანოზს ვერანაირად და არანაირად პრობლემები არ შეექმნება. პრობლემა რაც არის შექმნილი, თავიანთ თავს თვითონ შეუქმნეს ხელისუფლებამ და იმ პირებმა, რომლებმაც უკანონოდ იმოქმედეს და მართლა დიდი სიბინძურე გააკეთეს. ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული საქმე – სასამართლო, გამოძიება, თვალთვალი, მიყურადება, ყველაფერი აბსოლუტურად. რაღა შორს წავიდეთ, დეკანოზს თავად ჰყავს მითითებული მამუკა ვასაძე – ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე, რომელიც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. იქ ისეთი ჩვენებებია და ისეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი მთავარი პროკურორის მოადგილის მხრიდან, რომ რეაგირება სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, პრეზიდენტმა ვალი მოიხადა და არ შეიწყალა დეკანოზი და მამუკა ვასაძე დააწინაურეს. მამუკა ვასაძე არის პიროვნება, რომელიც ითხოვდა, რომ გიორგი მამალაძეს ხელი დაედო მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილისთვის”, – უთხრა “მეტრონომს” მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, რომ თავად დეკანოზმა კომპრომატების გასაჯაროება არაერთხელ დაანონსა, ადვოკატი აცხადებს:

“დეკანოზ გიორგი მამალაძეს მარტივი რამ აქვს ნათქვამი – ის წერილი, რომელიც გაუგზავნა მეუფეებს ხომ – თვითონ ამბობს, რომ გაასაჯაროვონო და რა კითხვებიც გაუჩნდება საზოგადოებას, თვითონ გასცენ პასუხიო”.

“მეტრონომმა” სცადა დაკავშირება მიქაელ ბოტკოველთან, რომლის სახელზეც გაიგზავნა წერილი უზენაესი სასამართლოდან, თუმცა მასთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, წერილი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ საპატრიარქოს გაუგზავნა, გასული წლის, 12 მარტით არის დათარიღებული.

აღსანიშნავია, რომ “ციანიდის საქმეს” “დელიკატური მომენტების” გამო “გრიფით საიდუმლო” პროკურატურამ დაადო.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....