ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან, – ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

“საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია „Ukraine International Airlines”-ის (UIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინული „ბოინგი 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა. სამწუხაროდ, ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....