საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს”.
„როგორც ჩანს, „ფეიკ-ნიუსის“ ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.