“მოგეხსენებათ, 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა საავადმყოფოში. მთელი ამ ხნის მანძილზე მაჩალიკაშვილების ოჯახმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საზოგადოებამ, ვერ იპოვა სამართალი და პასუხები კითხვებზე. ხელისუფლების მხრიდან ოჯახისადმი დამოკიდებულების კულმინაცია, რომელიც იყო ძალზედ ცინიკური, გამოიხატა 31 დეკემბერს, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, რომელიც იყო მისი ერთადერთი საპროტესტო ადგილი, ნაგავში მოისროლეს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის დავალებით. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სათანადო და ეფექტიანი გამოძიება. დღემდე ოჯახს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის არსებითად განხილვა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ამ შეკითხვება უპასუხოს. სახელმწიფოს მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს”
ხატია დეკანოიძე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
ეს განცხადება ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” მაჩალიკაშვილების ოჯახისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. საქმეს განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.