თეირანთან, „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ უკრაინაში ხელისუფლების სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახელმწიფო უწყებების, ინსტიტუტთა და ორგანიზაციების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
პრეზიდენტის ბრძანებით, ასევე უქმდება გასართობი და საკონცერტო ღონისძიებები.
შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ამ დროის მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.