ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში დიდი როლი მეუფე პეტრეს მიუძღვის.
როგორც მან აღნიშნა, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მას აშანტაჟებდა.
„პირველივე პერიოდში, ჯერ კიდევ სასამართლომდე, დეკანოზმა მამალაძემ მომწერა წერილი, რომლის შინაარსსაც ჭყონდიდის მეუფეც არ ახმოვანებდა, რაც მეტად უცნაური იყო და მეც თავი შევიკავე, რადგან იქ იყო ძალიან მძიმე რამ მამალაძის მხრიდან. ის იმუქრებოდა, რომ მე ვიღაც-ვიღაცებზე ინფორმაციები ფაილებად დავამზადე და გავიტანე უცხოეთში და ამას გამოამზეურებდა. მამალაძე წერდა, თუ თქვენ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო. ეს არის შანტაჟი. დეკანოზს პირადად რომ შევხვდი, მაშინ მან უარყო და თქვა, რომ ეს მისი დაწერილი არ იყო. მერე აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5 მღვდელმთავრისთვის ჰქონდა ანალოგიური წერილი გაგზავნილი.
მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში, მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს. მეტად უცნაურს რამეს გეტყვით, რადგან ინტერესი არ კვდება. როდესაც სინოდზე დააყენა მისმა უწმინდესობამ საკითხი მამალაძის შეწყალების თაობაზე, ვის უნდა გახარებოდა ეს ყველაზე მეტად, მეუფე პეტრეს ხომ ასეა? ვერ გამოხატა გახარება, უაზროდ დაიწყო ყვირილი და მერე იძულებული გახდნენ, რომ გამოეყვანათ. აქედან გამომდინარე, მე მართალი გითხრათ ძალიან გაოცებული დავრჩი. იმაში, რომ დღეს მამალაძეს უხანგრძლივდება ციხეში ყოფნა, ფაქტია, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს.
მამალაძის შეწყალების ინიციატივა პატრიარქს ეკუთვნის. პირადად მესაუბრა და მითხრა, რომ სურდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო. ეს არის უწმინდესის ნება. ცილისწამებაა, რომ დეკანოზი არის პატრიარქის ტყვე და ილია მეორეს არ უნდა მისი ციხიდან გამოყვანა“, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.
საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.
პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: