მოძრაობა “სირცხვლია” ხვალ, 5 იანვარს დედა ენის ბაღში გარემოვაჭრეების სოლიდარობის ნიშნად საშობაო გარემოვაჭრობას გამართავენ.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამ ფორმით ისინი სამოქალაზო საზოგადოების მხარდაჭერას გამოხატავენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც შვილმოკლულ მამას სოლიდარობა გამოუცხადეს.
“გარემოვაჭრეები საკუთარ ოჯახებს საახალწლოდ გაყიდული ნივთების შემოსავლით არჩენენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ ადამიანებმა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს. აუცილებელია მათ ვანახოთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ”, — აცხადებენ ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანის ტერიტორია დატოვებინეს და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლა მოსთხოვეს. გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა.