წნორში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოში ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, მოკლულის სახლის ძარცვასაც ედავება.
ბრალდებული ილიკო გურაშვილი თელავში, შსს–ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრალი დღეს წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლებას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
გურაშვილი წარდგენილ ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს, ხოლო ძარცვას არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ წნორში, 1969 წელს დაბადებბული ირინა ხაილოვა გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მას დისშვილმა თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.