ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან დაკავებული აქტივისტები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

გუშინ ღამით დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მათი პროცესი 6 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება. ბექა კოკაია, ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

როგორც ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ მტკიცებულებად წარმოდგენილია ერთნაირი ტექსტით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, რაც ეჭვს აჩენს, რომ ყველა შემთხვევაში ერთი ტექსტის გადაწერა მოხდა.

“სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არის დაკავების ოქმები და სამართალდარღვევის ოქმები. მე ოთხ პირს ვიცავ და ოთხივეს ოქმში ტექსტები იდენტურია, რომ ეს პირები იგინებოდნენ უმისამართოდ და პოლიციელების მოთხოვნას, შეეწყვიტათ გინება, არ დაემორჩილნენ და გარდა ამისა, დაკავების დროს გაუწიეს წინააღმდეგობა. ტექსტების ასეთი მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ სინამდვილეში არსებობს ერთი ტექსტი, რომლიდანაც შემდგომ მოხდა გადაწერა და ამიტომაც აქვთ იდენტური ბრალდებები. სამწუხაროა, რომ პოლიციამ და შსს-მ აქამდე ვერ გააცნობიერა, რომ როდესაც საჯარო ადგილებში იმართება შეკრება-მანისფესტაცია, პროტესტის გამოხატვა მათ შორის, შესაძლებელია უხამსი სიტყვებით. ეს არ არის ხულიგნობა”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, მათ შორის: ბექა ბასილაია, ზურაბ ნადირაძე, ზურაბ მჟავანაძე, ლაშა ბურდული, ზურაბ ბერძენიშვილი,
ბექა კოკაია, გიორგი შოთაძე,რომეო ფარულავა, ნოდარ რუხაძე, გიორგი მუმლაძე. ისინი  “თბილსერვისის” თანამშრომლების მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვების აღებას და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდნენ.

იტვირთბა....