ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება” – ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი, 56 თეთრი რჩება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნარმანიამ აღნიშნა, სემეკი სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ექვსი თვის ვადით ადგენს.

„მას შემდეგ, რაც თბილისისთვის დავასრულეთ ბუნებრივი აირის ტარიფების გაანგარიშება, ჩვენ მივუბრუნდით რეგიონებს. დღეს ვადგენთ „სოკარისა“ და საქორგგაზის სამოქმედო არეალში ბუნებრივი აირის ტარიფს, სადაც ასევე აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის და პრაქტიკულად რჩება უცვლელი  ბუნებრივი აირის ტარიფები მოსახლეობისთვის. ასე რომ, ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ, შესაბამის კომპანიებთან აქტიური მუშაობით შეგვენარჩუნებინა ბუნებრივი აირის ფასები. ძალიან დიდი მუშაობისა და წვალების შედეგად მოვახერხეთ ის, რომ დაგვედგინა ტარიფები, თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ვადგენთ დროებით, ექვსი თვის ვადით, ხოლო ექვსი თვის შემდეგ მოგვიწევს გადახედვა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი არ იქნება ტარიფების ზრდა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უკვე განხორციელებული ინვესტიციების ასახვა-დადასტურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რატომაც ჩვენ სამწლიან ტარიფს არ ვადგენთ, თუმცა როგორც კი ეს მოლაპარაკებები დასრულდება, გრძელვადიან ტარიფს დავადგენთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

იტვირთბა....