ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში” – კალაძე

„ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს და მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს. კახა კალაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი და აქტიური მუშაობის შედეგია.

„მინდა, შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, პირველ რიგში, მინდა, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მივულოცო. ამ პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულით გულშემატკივრობდა ვაჟა გაფრინდაშვილს და ჰქონდა სურვილი, იგი მალე დაბრუნებულიყო საკუთარ ოჯახში. მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას. მთავრობას არ დაუტოვებია არცერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც შეგვეძლო ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება. შედეგიც სახეზეა.

ჩვენ ვისმენდით საოცარ განცხადებებს ამ ხნის განმავლობაში. მოვისმინეთ მძიმე ბრალდებებიც. თუმცა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები აღელვების გარეშე აკეთებდნენ თავის საქმეს, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყება არ ყოფილა ჩართული, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობდნენ ამ მიმართულებით. ასევე ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იყო ჩართული. მთავარი შედეგი არის ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....