ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საკრებულოს დარბაზში კალაძის გვერდით ჯდომას არ ვაპირებთ” – ნადირაძე

საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ კალაძე კორუფციასა და ჭაობში ბოლომდეა ჩაფლული, მას ხალხის გვერდზე ყოფნას ურჩევნია, ეჯდეს კუხიანიძეს, რომელიც ამ ქვეყნის მოღალატეა –

მან ისაუბრა იმ ნაკლოვანებების შესახებ, რაც ოპოზიციის აზრით, ბიუჯეტის პროექტს აქვს.

„ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული თბილისელების პრობლემებზე. ამ ბიუჯეტით ვერ გვარდება თბილისელების პრობლემა, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მორგებულია კალაძის და „ქართული ოცნების“ ფინანსურ ინტერესებზე და ამ ადამიანებს დამატებით უნდათ, რომ ამ ბიუჯეტით მილიონებს მილიონები შემატონ. კახა კალაძე მთელი ამ წლის განმავლობაში დაკავებული იყო კორუფციით, თბილისელების თანხების გადაზიდვით მილანსა და მილანურ კომპანიებში, ამიტომ ის ანგარიშს უნდა აბარებდეს არა საკრებულოს, არამედ პროკურატურას და ძალიან მალე მოუწევს ამის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პრობლემაა თბილისში, სოციალური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, უამრავ ადამიანს უჭირს, ბავშვები შიმშილობენ, ხალხს მედიკამენტების ფული არ აქვს, კახა კალაძე კვლავ აპირებს ისეთი ბიუჯეტი დაამტკიცოს, რომელიც მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული და არა – თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. მაშინ, როდესაც თბილისის მერიაში ბიუროკრატია ისედაც ძალიან გაბერილია, ის კვლავ ზრდის თავის პიარის ხარჯებს და ბიუროკრატიას 90 კაცით, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისელებს მომავალ წელსაც მოუწევთ დამატებით მილიონობით ლარის გადახდა იმ უსაქმურ ჩინოვნიკებზე, რომლითაც გატენილია მერია. სწორედ ამიტომ, კალაძეს მოუწევს შემდეგი ანგარიშის ჩაბარება პროკურატურისთვის და ამას გააკეთებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნადირაძემ.

ის ასევე შეეხო ოპოზიციის წარმომადგენლების ბოიკოტს, რომლის ნიშნადაც ისინი სხდომას დღეს არ დაესწრებიან.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და ის არის ბოლომდე ჩაფლული კორუფციასა და ჭაობში. კალაძეს ხალხის გვერდზე ყოფნას ურჩევნია, ეჯდეს კუხიანიძეს, რომელიც ამ ქვეყნის მოღალატეა, ამიტომ ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ არ ვაპირებთ საკრებულოს დარბაზში ჯდომას“, – აღნიშნა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

იტვირთბა....