“ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “თიბისი ბანკის” საქმეზე სასამართლოში, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და მისი ბრალდების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვინც არ უნდა მოვიდეს მოწმის სახით ამ პროცესზე, შავით თეთრზე წერია, რომ ეს ყველაფერი იყო კანონიერი, არანაირი შეხება ამ ტრანზაქციას არაკანონიერთან არ აქვს, მითუმეტეს, ფულის გათეთრებასთან და აღნიშნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ჩვენთვის სტრატეგიული, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის გაჩერებას. ეს არის მისი მთავარი ამოცანა. ყველა მეთოდს იყენებენ იმისათვის, რომ ეს პროექტი გაჩერდეს. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ ანაკლიის პორტსაც ავაშენებთ, ქალაქ ანაკლიასაც ავაშენებთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთანავე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” მთავარი მიზანი და უპირველესი ამოცანაა, ხელისუფლებაში მოსვლის დროს, პირველ ექვს თვეში დემონტაჟი გაუკეთდეს ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას.
„ხაზს ვუსვამ, ექვს თვეში. ეს ის სასამართლო და პროკურატურაა, ასევე ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომლებიც სააკაშვილისგან გადმოიბარა ივანიშვილმა. რაც შეეხება მეორე საკითხს, მე ველოდები როდის დაიბარებენ გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა მუქარის წერილი, რომლიც ერთი წელია ჰაერშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ა.შ. მესამე საკითხი არის ის, რომ უკვე წელიწადია „თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერშეტევა არ გამოძიებულა გახარიას შს მინისტრობის დროს. ასევე კითხვას ვსვამ, როდის იქნებიან მხილებული ის პირები, რომელთა „ბოტების“ და „ტროლების“ ფაბრიკა რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა” დაკეტა. ეს არის ძირითადი საკითხები, რაც გვაინტერესებს და რაც საზოგადოებას აინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.