თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს.
როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, განცხადებები მერიის საახალწლო ხარჯებსა და ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება.
„მომავალ წელს, ამ დროს კალაძეს მოუწევს პროკურატურაში ანგარიშის ჩაბარება. რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც დღეს შევიტანეთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მილიონი ლარი გადახდილია ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულება, ალბათ, არ აღემატება ასი ათას ლარს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს საბიუჯეტო სახსრები, ვგულისხმობ მილიონ ლარს, რომელიც გადახდილია ნაძვის ხეში. ასევე, მეორე განცხადება, რომელიც დავარეგისტრირეთ პროკურატურაში ეხება სკამებს, რომ ერთ ცალ სკამში კალაძე გადაიხდის თორმეტი ათას ლარს და ეს ტენდერი პირდაპირ მორგებულია უკვე იტალიურ კომპანიაზე, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში თანდართული ფოტოები აღებულია იტალიური კომპანიის საიტიდან და ექსკლუზივი აქვს ამ სკამების წარმოების. შესაბამისად, პროკურატურას სხვა დანარჩენ საქმეებთან ერთად, ასევე მოუწევს ამ ორი საქმის გამოძიება, რომლის გამოძიებასაც ითხოვს ოპოზიცია“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროკურატურასთან აქციაც გამართეს – გამოფინეს, მერის ფოტოები, რომლებიც მათი განცხადებით, კახა კალაძის კორუფციულ საქმიანობას ასახავს.