გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნა, რომ მისი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგრამ არა მთელი მოსახლეობისთვის.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას.
„მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები“,-განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა.
„ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.