“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
ჟურნალისტი დაინტერესდა, სწორად იყო თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია შევსებული და იყო თუ არა შესაბამისობაში დოკუმენტაციაში მითითებული პარამეტრები ნაძვის ხის რეალურ პროპორციებთან.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ნაძვის ხე თავად მერსაც არ მოეწონა, კახა კალაძემ განაცხადა:
„საიდან იგონებთ ამ ტყუილებს ან რატომ იგონებთ. გაერთეთ, ახალი წელია ისიამოვნეთ. თქვენ გჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა… სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფა”.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გუშინ, 25 დეკემბერს ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე საზეიმოდ აინთო. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ნაძვის ხე არ მოსწონს და დედაქალაქის მთავრობას აკრიტიკებს.