ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„თავისუფალი საქართველო“: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები აბსოლუტურად არაკომპეტენტურია

“თავისუფალი საქართველო”,  ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს გავრცელდა განცხადება იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აპირებს, წინადადებით მიმართოს მთავრობასა და პარლამენტს, ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟის განსაზღვრის შესახებ. ამით ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა, რამოდენიმე „პოპულისტური“ ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას.

უპირველესად, ნამდვილად ცინიზმია იმაზე საუბარი, რომ ჯანდაცვის მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის „პირადი სტომატოლოგი“ – ებრძვის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიებს მაშინ, როდესაც ოთხი მონოპოლიური კომპანიიდან 2 – „ფარმადეპო“ და „ჯპს“, ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებად ბიზნეს იმპერიას მიეკუთვნება, ხოლო „პსპ“, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატის საკუთრებას წარმოადგენს.

„თავისუფალი საქართველო“ წლებია მუშაობს ფარმაცევტული მონოპოლიების საკითხზე და მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის მინისტრის გაკეთებული განცხადებები, უკიდურესად არაკომპეტენტურია.

ფორმალურად, სხვაობა მედიკამენტების განბაჟებამდე ფასებს და  რეალიზაციის ფასებს შორის ისედაც დაბალია. ამდენად, მარჟის დაწესება არაფრის მომტანია და წარმოადგენს საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობას, მაგალითისთვის: ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „გეფა“ დააფუძნებს თავის შვილობილ კომპანიას რუმინეთში „გეფა ბუქარესტს“, შემდგომში „გეფა ბუქარესტი“ იყიდის მედიკამენტებს იაფად და თავის პარტნიორ კომპანია „გეფას“ მიჰყიდის ძვირად. შესაბამისად, „გეფა“ მოახერხებს დაწესებული რეგულაციების პირობებშიც, დიდი მოგებით გაყიდოს თავისივე პარტნიორისგან ძვირად „ნაყიდი“ მედიკამენტები.

რეალურად, მედიკამენტების ბაზარზე არსებული მონოპოლიური ვითარების მოწესრიგება შესაძლებელია საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, პირველ რიგში რუსეთიდან და თურქეთიდან, მედიკამენტების პარალელური იმპორტის დაშვებით, რაც სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში აიკრძალა. როგორც კი, საქართველოში ნებადართული იქნება თურქული და რუსული მედიკამენტების იმპორტი, საცალო ბაზარზე ფასები, 70-80 %-ით შემცირდება.

საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ „თავისუფალი საქართველოს“ აფთიაქებში, მედიკამენტები სწორედ ამ ფასად იყიდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....