ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტის განცხადება არის დიდი სიბრიყვე” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე, სადაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება იყო სიბრიყვე მაგრამ, სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ზურაბიშვილის განცხადებებს ხშირად ხსნის მისი მხრიდან არასრულყოფილი ქართულით ან კონტექსტის არცოდნით, თუმცა ის, რაც პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ბაქრაძის შეფასებით „არ ჯდება არაფერში“.

„მე მინდა მას შევახსენო, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვარი არ აქვს და ზუსტად იმის გამო, რომ საქართველოს საზღვარი არ აქვს აფხაზეთთან და ცხინვალთან, ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს არის ცხინვალის ციხეში. მე მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი. როგორ შეიძლება ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვარზე. ეს იგივეა ილაპარაკო საქართველოსა და კახეთს ან საქართველოსა და გურიას შორის საზღვარზე. რომელი კონტექსტით, ან რომელი ფრანგულით, ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამ, რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ რუსეთის გარდა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აი, ამ ორი ცნების გაიგივება ფრანგულიდან თარგმნით აიხსნება, არასრულყოფილი ქართულით აიხსნება? ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი სიბრიყვე, მაგრამ, სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა, იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ორი არგუმენტი, როდესაც ის მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის მსოფლიოში. არგუმენტი პირველი: მსოფლიომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი, იმიტომ, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ქართველები არიან აგრესორები და მათ გვერდში უნდა დავუდგეთ, როგორც მსხვერპლს. ეს არის ის, რაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველომ დაიწყო ომი. რუსული არგუმენტი ნომერი ორი: რა მნიშვნელობა აქვს, რა წერია ფურცელზე, რაღა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართალს. არსებობს დე-ფაქტო რეალობა და ამ რეალობაში აფხაზეთი და ოსეთი არიან დამოუკიდებლები და საქართველოს მეზობლები, ისე, როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ეს არის ის, რაც გუშინ ფაქტობრივად განაცხადა ზურაბიშვილმა“,- განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენეთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ „ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს როგორც პრობლემური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“.

იტვირთბა....