დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები დღეს, 20:00 საათზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ ადგილობრივი მცხოვრებლები და დედაქალაქის სტუმრები სადღესასწაულო ღონისძიებაზე მიიწვია.
„მინდა დავპატიჟო ყველა. აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მობრძანდით, ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები. თქვენც, მთავრობის წევრებსაც გეხებათ ეს. თბილად ჩაიცვით, ცოტათი ცივა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით, დღის 12:00-დან ღამის 00:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი; გაიმართება თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და საბავშვო გასართობი ღონისძიებები.
„აბსოლუტურად ყველა ჩართულია კონცერტებში და დარწმუნებული ვარ, საინტერესო საახალწლო დღეები ელოდება დედაქალაქის მოსახლეობას და არამხოლოდ. რეგიონებიდან და სხვა ქალაქებიდან შეუძლიათ ჩამოვიდნენ მოქალაქეები და ძალიან ბევრი ტურისტიც ეყოლება ქალაქს. გვაქვს ორი ლოკაცია: პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ყინულის მოედანი ბავშვებისთვის, ძალიან ლამაზად არის მორთული და იქაც იქნება სხვადასხვა ღონისძიებები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
25 დეკემბერს, 20:00 საათზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ზღაპრული მატარებლით დროში მოგზაურობა იქნება შესაძლებელი და ცნობილი არტისტები ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს გააცოცხლებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი, სადაც თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სტუმრებს უმასპინძლებენ. აქ ყოველდღიურად, 12:00-დან 20:00 საათამდე მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა:
ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენებები, კონცერტები და ზღაპრის გმირების წარმოდგენები. გარდა ამისა, გაიმართება თბილისის საშობაო ბაზარი, რომელიც გააერთიანებს პროექტებს – „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 27-30 დეკემბერს, ყოველ საღამოს გაიმართება ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები, ხოლო 1-12 იანვარს – მუსიკალური ბენდების კონცერტები და დიჯეების წარმოდგენები.
ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება გალაკონცერტი, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს.
1 იანვარს 21:00 საათზე, ამავე ლოკაციაზე, 2020 წლის პირველ საღამოს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი Max the Sax კონცერტს გამართავს.
5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება.
6 იანვარს, 20:00 საათზე გაიმართება ჯგუფის The Quintessence წინასაშობაო კონცერტი.
რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით სტუმრებს ელის ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე, მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი.
აქ მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო გასართობი პროგრამები, სახალხო კარაოკე, დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები და საახალწლო გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს აგრო, ღვინის და სამეწარმეო ბაზარი, სტარტაპ მარკეტი და კვების ობიექტები.
საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე, სოფო ნიჟარაძე და სხვები.
იხილეთ დეტალური პროგრამა: http://tbilisi.gov.ge/news/9237