ბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით ოჯახის ექიმს, პედიატრს ან თერაპევტს მიმართონ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით.
„ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის.
თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას – გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება.
გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.