რა დაუჯდება ოჯახს 2020 წლის საახალწლო სუფრის გაწყობა – ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, “მეტრონომმა” თბილისის ერთ-ერთი ბაზარში გაარკვია სადღესასწაულო სუფრისთვის ტრადიციული კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების ღირებულება.
მოვაჭრეები გვეუბნებიან, რომ გოჭი, რომელიც საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, 1 კგ 17-19 ლარი ღირს. ახალი წლის კიდევ ერთი ტრადიციული კერძის, საცივის მოსამზადებლად აუცილებელ ინგრედიენტს – ინდაურს 1 კგ-ს 20 ლარად შეიძენთ.
რაც შეეხება საახალწლო სუფრის მთავარ ტკბილეულს გოზინაყს – გოზინაყისთვის თაფლს – 20-30 ლარად, ხოლო 1 კგ ნიგოზს 25 – 30 ლარად იყიდით.
იმისთვის, რომ სუფრაზე აუცილებლად იყოს ხაჭაპური – იმერულ ყველში 13-14 ლარის, ხოლო ფქვილში 2 ლარზე ნაკლების გადახდა მოგიწევთ. სულგუნი – 15 ლარი, გუდის ყველი კი, 25 ლარი ღირს.
ვისაც სუფრის გაწყობა ხორციანი ტრადიციული თუ არატრადიციული კერძებით გსურთ, საქონლის 1 კგ ძვლიანი ხორცის შეძენა – 15, რბილის კი, 18 ლარად არის შესაძლებელი. 1კგ ღორი – 17, 1 კგ ქათამი 7.50, ხოლო 1 კგ ბატკანი 20 ლარი ღირს.
თუ სუფრაზე თევზის დამატებას გადაწყვეტთ, კილოგრამ ცოცხალ კალმახში 13, ხოლო ამურში – 9-10 ლარს გადაიხდით. თუ არჩევანს გაყინულ თევზზე შეაჩერებთ, სხვადასხვა სახეობის გაყინული თევზის ფასი 7 ლარიდან იწყება, საუკეთესო ხარისხის ხიზილალა კი, 25 ლარი ღირს.
რაც შეეხება ბოსტნეულს, ხილსა და სხვა პროდუქტებს, ფასები ასეთია: ბადრიჯანი – 3.50 ლარი, კიტრი – 3-5 ლარი, პომიდორი – 4-5 ლარი, ქამა სოკო – 7-10 ლარი, ფორთოხალი – 3 ლარი, მსხალი – 5 ლარი, მანდარინი – 2.50 ლარი, ყურძენი – 3 ლარი, კარალიოკის ჩირი – 1 კგ 15 ლარი, ჩურჩხელა 1.5 – 3 ლარი. რაც შეეხება კანფეტების ფასს, საშუალოდ, 8-დან 40 ლარის ფარგლებში მერყეობს.
აღნიშნული ფასების გათვალისწინებით, ოჯახს საახალწლო სუფრაზე გოჭი(150 ლ), საცივი(85ლ), ხაჭაპური(30ლ), გოზინაყი(40ლ), ხილი(20 ლ), ჩურჩხელა(10) და კანფეტი(20) რომ ჰქონდეს, დაახლოებით, 355 ლარი დაეხარჯება.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ყველა პროდუქტი გაძვირებულია. ის, რომ საახალწლო სუფრის გაწყობა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე გასულ წელს, ამას “მეტრონომის” მიერ საახალწლო პროდუქტების ფასების დასადგენად გასული წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვაც ცხადყოფს.
2018 წლის დეკემბერში 1 კგ გოჭის ყიდვა – 13 ლარად იყო შესაძლებელი. მოზრდილ ინდაურს – 70-80 ლარად იყიდდით. ნიგოზი 17-25, თაფლი – 15, ყველი – 10-13, კალმახი – 12, საქონლის ხორცი – 13, ქათამი – 7, ქამა სოკო – 8, ბადრიჯანი – 4, კიტრი 2.5, ხოლო 1 კგ. პომიდორი 5 ლარი ღირდა.