თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციიდან თურქეთის საზღვრებისკენ 80 000-ზე მეტი მიგრანტი მოემართება.
მისი თქმით, ამხელა ტალღას თურქეთი ვეღარ გაუმკლავდება.
„თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით საბერძნეთი“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი, რუსეთთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ იდლიბის დაბომბვები შეწყდეს და ამ მიზნით, თურქული დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის გაემართება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაერო-მ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიური საჰაერო დატყმების შედეგად, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციას ტოვებდა და ცდილობდა თავი თურქეთისთვის შეეფარებინა.