ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სემეკმა ბუნებრივი გაზის გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, სემეკის 20 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კიდევ 5 კომპანია დაჯარიმდა.

შპს „თბილისი ენერჯის“ დაჯარიმების საფუძველია სემეკის ელექტრონულ ჟურნალში სრულფასოვანი ინფორმაციის დაუყოვნებლივ ასახვის ვალდებულების შეუსრულებლობა. სემეკის წესების შესაბამისად, ელექტრონულ ჟურნალში კომპანიების მიერ ინფორმაცია უნდა აისახოს მომსახურების გაწევის ან/და კომპენსაციის გაცემის ვალდებულების წარმოშობისთანავე. შპს „თბილისის ენერჯის“ სემეკის მიერ გაეგზავნა არაერთი წერილი, რომელიც სხვა დარღვევებთან ერთად, შეეხებოდა ახალი მიერთების ელექტრონულ ჟურნალში არასწორი მონაცემების ატვირთვას. კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რა დროსაც კომისიამ დეტალურად გააცნო ელექტრონული ჟურნალის შევსებისას დაშვებული შეცდომები. მიუხედავად ამისა, კომპანიამ განაგრძო ელექტრონულ ჟურნალში არასწორი ინფორმაციის ასახვა. კერძოდ, 2338 ახალ მომხმარებლის ქსელზე მიერთების ჩანაწერში, ქსელზე მიერთების დასრულების შესახებ დოკუმენტაციის ელექტრონულ ჟურნალში ატვირთვისა და სამუშაოების შესრულების შესახებ აქტის შედგენის თარიღები რამდენიმე დღით და ზოგიერთ შემთხვევაში თვეებითაც განსხვავდება ერთმანეთისგან, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის იქნა მომსახურება ფაქტობრივად გაწეული. 1593 შემთხვევაში კომპანიის მიერ არასწორი ინფორმაციაა ასახული მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტებში, სადაც მითითებულია, რომ დასრულდა მიერთების სამუშაოები და დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველი, თუმცა არ არის მოცემული, დაიწყო თუ არა კომპანიამ გაზმომარაგება.

შპს „თბილისი ენერჯის“ სემეკში განემარტა, რომ დარღვევების განმეორების შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

სემეკმა სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სხვა კომპანიებიც დააჯარიმა. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5000-5000 ლარით დაჯარიმდა 5 კომპანია: შპს „დი-ვი-ეს“-ი; შპს „გამა“, შპს „გასკო +“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი “ და შპს „ჩირაღდანი – XXI საუკუნე“. შპს „ჩირაღდანი – XXI საუკუნეს“ დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სემეკის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფზე მაღალი ტარიფით, ხოლო დანარჩენი 4 კომპანიის დაჯარიმების საფუძველს – მომხმარებლებისთვის მისაწოდებელ ელექტრონულ და ბეჭდურ ქვითრებთან დაკავშირებით დაფიქსირებული დარღვევები.

 

 

იტვირთბა....