15 წლის მოზარდის იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოვაკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ადვოკატები სხდომის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას დააყენებენ, რადგან ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მედიკოსების განმარტებით, გარკვეულწილად შესაძლებელია მისი გადაადგილება, ის მაინც საჭიროებს ყურადღებას. შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვა სამედიცინო დაწესებულებაში მოხდეს, რადგან თავად ბრალდებულმა შეძლოს მონაწილეობის მიღება”, -განაცხადა მოსიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატები მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ.
რაც შეეხება პროკურატურას, ისინი პატიმრობას მოითხოვენ.
ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, საავადმყოფოში წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.