15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა, გარეშე პირის მოწვევა გახდა საჭირო.
„ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა იმისათვის, რომ ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა ჩვენთან ადვოკატებთან ერთად. გარეშე პირის მოწვევა ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტს ამ შემთხვევაში ბრალის დადგენის დოკუმენტს, ამიტომ გახდა საჭირო პირის მოწვევა. ქალბატონი მარიამის ვერბალური და ჟესტიკულაციით გამოხატული სიტუაციიდან თუ ვიმსჯელებთ ზუსტი და მყარი კომუნიკაცია ვერ შედგა. ბრალს არ აღიარებს მარიამი. ძალიან დიდი ემოციური ფონია და უჭირს მეტყველება, თუ რა დიაგნოზი აქვს მარიამს, დაცვის მხარე გამოითხოვს წერილობით ინფორმაციას მისი სამედიცინო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, მარიანა ჩოლოიანი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზეა დაკავებული და ის ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ჩოლოიანს ბრალი უკვე წარუდგინეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს ჩოლოიანისთვის პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.