ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სამართლიანი უსამართლობა – პოლიციელის დილემა

“სამართლიანი ადამიანის ზნეობრივ თვისებებს სავსებით შეუძლია კანონის ჩანაცვლება.” – მენანდრე

პოლიციელის და ზოგადად პოლიციის, როგორც სახელმწიფოს ასე ვთქვათ “შიდა მომსახურების” ძალოვანი სტრუქტურის დანიშნულება, როგორც ყველამ კარგად ვიცით, საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვაა.
მოდით უმოკლესად და შეძლებისდაგვარად არსობრივად აღვწეროთ ის თუ რას ნიშნავს ეს და რას იცავს პოლიციელი?..
მაშ ასე, მართლწესრიგი…
რა არის მართლწესრიგი და როგორია მისი და მისი დამცველის ურთიერთდამოკიდებულება?.. უფრო სწორად მართლწესრიგისადმი მისი დამცველის, პოლიციელის დამოკიდებულება.
“მართლწესრიგს” თუ მის შემადგენლებად დავშლით, მივიღებთ “სამართლებრივს” და მივიღებთ “წესრიგს”.
საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს სამართლებრივ წესრიგს პოლიცია არ განსაზღვრავს; იგი სახელმწიფოს სხვა სტრუქტურების მიერ უკვე განსაზღვრულს და შავით თეთრზე გაწერილს უბრალოდ იცავს და მისი უფლებამოსილებაც მხოლოდ ამით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფით შემოიფარგლება.
ამ მოკლე და ელემენტარული, ლამის აქსიომა-თეზისით თემის ამოწურვაც შეიძლებოდა რომ არა ერთი “პატარა” ნიუანსი… ნიუანსი, რომელმაც პოლიციელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის მქონე ადამიანი შეიძლება (და სასურველიც არის) დილემის წინაშე დააყენოს.
საქმე თვითონ სიტყვა “სამართლებრივშია”, მის იმ სემანტიკაში, მის იმ ფუძე ცნებასა და წარმომავლობაშია, რომელსაც შავით თეთრზე ამობეჭდილთან კავშირი შეიძლება სულაც არ ჰქონდეს… ს ა მ ა რ თ ა ლ ი!..

რა არის სამართალი და შეიძლება თუ არა პოლიციელისთვის მისი კანონის მიღმა ინტერპრეტაცია? ანუ, შეიძლება თუ არა კონკრეტულ შემთხვევებში კანონიერი ქმედება იყოს უსამართლო, ან პირიქით, უკანონო – სამართლიანი?
მიუხედავად იმისა, რომ სხვა უამრავ ცნებებთან ერთად სამართალიც უმეტესწილად სუბიექტური აღქმის საგანია, ეჭვსგარეშეა, რომ არსებობს მისი ის ობიექტური სახე-გამოვლინებებიც, რომელთა გასუბიექტურებაც საღ აზრს მოკლებულია. მაგალითად იმაზე, რომ ძლიერის მიერ სუსტის რაიმე ფორმით, მითუფრო პირდაპირით, დაჩაგვრა უსამართლობაა, ვთანხმდებით უკლებლივ ყველა!.. ასეთ შემთხვევაში ყველას (კლინიკური შემთხვევების გამოკლებით) როგორც ერთს უსამართლობის ერთმანეთის იდენტური, ერთნაირი განცდა გვიჩნდება და გვეუფლება.

მცირე ექსკურსი სამართლიანობა-უსამართლობაში და ზოგადად დადებითობა-უარყოფითობაში.
უსამართლობისგან განსხვავებით სამართლიანობის პირდაპირი განსაზღვრა შედარებით რთულია… უფრო სწორად შეუძლებელია!
სამართლიანობამ რომ თავისი თავი გამოხატოს, ის ამისთვის უსამართლობას როგორც საყრდენს, როგორც მის (სამართლიანობის) განმპირობებელს საჭიროებს… სხვანაირად რომ ვთქვათ – უსამართლობის გარეშე არც სამართლიანობაა აღქმადი და აზრით მისაწვდომი.
ანუ თუ განვაზოგადებთ, ერთ მეტად საგულისხმო და საინტერესო ფაქტსაც აღმოვაჩენთ, კერძოდ: განმპირობებლები რატომღაც ყოველთვის ნეგატიური და ქაოტური წარმომავლობის არიან, განპირობებულები კი პირიქით, თავის თავში ერთგვარ პოზიტიურობას და ჰარმონიულობას ატარებენ… რაც მათ სტატიკურობაზე, მათ ურყევობა-მუდმივობაზე მიგვანიშნებს და ეს რაღა თქმა უნდა საინტერესოსთან ერთად თითქოს სასიხარულოც არის, თუმცა ამაზე სხვა დროს.

საგნებისადმი მსგავსი მიდგომა (განმპირობებელ-განპირობებული) რა თქმა უნდა მარტო სამართლიანობა-უსამართლობაზე არ ვრცელდება, თუმცა ჩვენი დღევანდელი თემა მხოლოდ ეს არის და მოდით ისევ პოლიციელის მიერ აღქმულ, ან ვერაღქმულ, სამართალს დავუბრუნდეთ.
იცავს თუ არა პოლიციელი მართლწესრიგს, როდესაც… მოდით თავიდან: იცავს თუ არა პოლიციელი სამართლებრივ წესრიგს… ბოდიში, ერთხელაც: იცავს თუ არა პოლიციელი სამართალს(!), როდესაც უსამართლობა, რომელიც ფაქტობრივად ობიექტურის რანგშია აყვანილი, სახელმწიფოსგან(!) მომდინარეობს?.. არა!.. არ იცავს!.. არ იცავს არც განუვითარებელ ეთიოპიაში, არც ტოტალიტარულ რუსეთში, არც გაურკვეველ საქართველოში, არც დემოკრატიულ ესტონეთში და არც ზე-განვითარებულ ბელგიაში.
პოლიციელი არსად და არავითარ შემთხვევაში სამართალ(!)დამცავი არ არის და ვერც იქნება… ყოველ შემთხვევაში დღეს და ასეთ მსოფლიოში.
პოლიცია, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, პირველ რიგში სახელმწიფოს როგორც მანქანას იცავს და ყველა სხვა დანარჩენ რიგებში სახელმწიფოს როგორც ინდივიდთა ერთობლიობას. სხვანაირად რომ ვთქვათ შეიარაღებული ეს ინსტიტუცია სახელმწიფოს პირადი მცველია და მისი პირველადი და ყველაზე მთავარი ფუნქციაც მხოლოდ მის დაცვაში მდგომარეობს და არა რაღაცა იმ მართლწესრიგის დაცვაში, რომელიც ინდივიდს თუ უსამართლობას უკრძალავს და მას მისი მცირე და დიდი გამოხატულებებისთვის მკაცრადაც სჯის, სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გაცილებით უფრო მეტად მასშტაბური უსამართლობა შეიძლება ასეთად არ მიიჩნიოს და მასზე თვალი დახუჭოს.
დასკვნა: პოლიციელი და “სამართალდამცავი” ერთმანეთისადმი არათუ კონფლიქტურად განწყობილი, არამედ ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავი ცნებებიც კია და ამის ასე და ამ ჭრილში დანახვაც მხოლოდ იმიტომ გვირთულდება, რომ ჩვენი, ადამიანების ძალიან დიდი ნაწილისთვის “სამართალი”, როგორც ობიექტური გაგება, ჯერაც სუბიექტურთა ნუსხაში ირიცხება.

P. S. რაც შეეხება დილემას, რომლის წინაშეც ათიდან უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ერთი პოლიციელი შეიძლება დადგეს (დანარჩენი ცხრისთვის სახელმწიფოს საკმაოდ ეფექტური, ადამიანების სისუსტეებზე გათვლილი საშუალებები გააჩნია), იგი შემდეგში მდგომარეობს და დაახლოებით ასე ჟღერს: როგორ მოვიქცე ძლიერის მიერ სუსტის რაიმე პირდაპირი ფორმით ჩაგვრისას თუ ძლიერი სახელმწიფოა, სუსტი კი ნათესავი, ახლობელი, მეზობელი… ანდა სულაც უცხო ადამიანი? როგორ მოვიქცე, როცა ვიცი რომ უსამართლოდ უნდა მოვიქცე?..

ვასო შონია

იტვირთბა....