საქართველოს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა.
გავრჩელებული ინფორმაციით, პლენუმის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საორგანიზაციო საკითხების განხილვა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკასაციო პალატებში განაწილების საკითხი, მოსამართლეთა შორის სასამართლო საქმეთა განაწილების საკითხი და უზენაესი სასამართლოს საკასაციო საქმეთა პალატების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი.
პლენუმს დაესწრო 12 დეკემბერს პარლამენტის მიერ არჩეული 14 მოსამართლე.
პლენუმმა კენჭი უყარა მოსამართლეთა გამწესებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატებში და პალატების თავმჯდომარეების არჩევას, რის შედეგადაც პალატების თავმჯდომარეები და შემადგენლობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმმა ერთხმად აირჩია მოსამართლე შალვა თადუმაძე, ხოლო პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე, რომელმაც შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს,ხოლო მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.
პლენუმის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში შესული ახალი საქმეები განაწილდება ახლადდანიშნულ მოსამართლებზე, ხოლო საქმეთა რაოდენობის გათანაბრების შემდეგ უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები.